ჯაშუშური სკანდალის გამო იტალია 2 რუსს დიპლომატს გააძევებს
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იტალიური სპეცსამსახურების სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააკავეს იტალიის ფლოტის ოფიცერი და იტალიაში რუსეთის სამხედრო ატაშეს აპარატის თანამშრომელი. სამართალდამცავების ინფორმაციით, იტალიელი ოფიცერი სისტემატურად გადაცემდა რუს მზვერავს საიდუმლო ინფორმაციას, ორივე მათგანი შეხვედრისას დააკავეს.
"რუსეთის ელჩთან შეხვედრისას ჩვენ გამოვხატეთ კატეგორიული პროტესტი და ვაცნობეთ, ოპერაციაში მონაწილე რუსეთის ორი მოქალაქის დაუყოვნებლივი გაძევების შესახებ",- წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო. კრემლში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ იციან რუსეთის მოქალაქის დაკავების დეტალები, "ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიმედოვნებთ, რომ რუსულ-იტალიური ურთიერთობების საკმაოდ პოზიტიური ხასიათი შენარჩუნდება და მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის მოქალაქეების გაძევებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, МИД-ში ამბობენ, რომ დამწუხრებულები არიან იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მათი საპასუხო ქმედებების შესახებ მოგვიანებით განაცხადებენ.
31 მარტს, დილის საათებში იტალიის სპეცსამსახურებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც სპეცოპერაციის ფარგლებში, რომში დააკავეს იტალიის ფლოტის ოფიცერი და რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და საბოლოოდ ორივე ბრალდებული დანაშაულის ადგილზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იტალიელი ოფიცერი რუს ჯაშუშს საიდუმლო ინფორმაციას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აწვდიდა.
Corriera Della Sera-ს ინფორმაციით, იტალიელი ოფიცერი საიდუმლო დოკუმენტების პაკეტებს გადაცემდა რუს ჯაშუშს სანაცვლოდ კი თითო პაკეტში 5 000 ევროს იღებდა. გაზეთის ინფორმაციით, იტალიელი ოფიცერის მიერ გაცემული ინფორმაცია ეხებოდა არამხოლოდ იტალიურ არმიასა და ფლოტს, არამედ NATO-ს ფუნქციონირებას.