ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავის წინ განცხადებას ავრცელებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ორი წლისთავის წინ განცხადებას აქვეყნებს:
"ორი წლის წინ ხვალინდელ დღეს [24 თებერვალი] გათენებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის დედაქალაქ კიევთან ახლოს რუსეთის რაკეტები აფეთქებას დაიწყებენ. რუსეთის ფედერაციის ჯარმა უკრაინის საზღვარი გადალახა. უკრაინაზე ვლადიმირ პუტინის სასტიკი შეტევა დაიწყო.
მას სწამდა, რომ თავისუფალი ხალხის ნება-სურვილს მარტივად დაასუსტებდა, მათ შემართებას გატეხდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში შეაღწევდა და დანარჩენი მსოფლიო გვერდზე გაიწეოდა, რომ შეარყევდა უსაფრთხოების საფუძვლებს ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა.
ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველივე დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან ცუდად გათვალა.
საკუთარი თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად უკრაინელები მამაცურად იბრძვიან. ნატო ახლა უფრო ძლიერი, დიდი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე.
აშშ-ის ხელმძღვანელობით 50 სახელმწიფოსგან შემდგარი უკრაინის მხარდამჭერი უპრეცედენტო, გლობალური კოალიცია ერთგულად ცდილობს კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველყოფას და აგრესიის გამო რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამერიკელ ხალხს, ასევე მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანებს ესმით, რომ ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის საზღვრებს ცდება.
ათი წლის წინ პუტინმა ყირიმი დაიკავა და უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში მარიონეტული მთავრობები შექმნა. ორი წლის წინ მან რუკიდან უკრაინის გაქრობა სცადა. თუ სიკვდილისა და განადგურებისთვის პუტინი ფასს არ გადაიხდის, ის ძველებურად გააგრძელებს. და, ხარჯები აშშ-ისთვის, ევროპაში ნატო-ს მოკავშირეებთან და მთელ მსოფლიოსთან ერთად, გაიზრდება.
დღეს მე უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობითი ომისა და ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის, რომელიც მამაცი ანტი-კორუფციონერი აქტივისტი და პუტინის ოპოზიციის ლიდერი იყო, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტ ახალ სანქციას ვაწესებ. სანქციების სამიზნეს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც კავშირი აქვთ ნავალნის პატიმრობასთან, ასევე რუსეთის ფინანსურ სექტორთან, თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზასთან, შესყიდვების ქსელთან და სანქციებისთვის თავის არიდებას სხვადასხვა კონტინენტზე ცდილობენ. ეს სანქციები უზრუნველყოფს, რომ პუტინმა საზღვარგარეთ განხორციელებული აგრესიისა და რეპრესიებისთვის კიდევ უფრო მკაცრი საფასური გადაიხადოს.
გარდა ამისა, ჩვენ 100-მდე სუბიექტისთვის, რომლებიც რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, ახალ საექსპორტო შეზღუდვებს ვაწესებთ. ჩვენ რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო მეტად შესამცირებლად შესაბამისს ზომებს მივიღებთ. მე მივმართე ჩემს გუნდს, რომ მთელ მსოფლიოში გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიისთვის მებრძოლთა მხარდაჭერა.
უკრაინას აშშ-ისგან მეტი მომარაგება სჭირდება, რომ რუსეთის დაუნდობელ თავდასხმებს გაუმკლავდეს, რომელიც ირანისა და ჩრდილოეთ კორეის იარაღით და საბრძოლო მასალით ხორციელდება. ამიტომ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის, წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიული კანონპროექტი უნდა მიიღოს.
კანონპროექტი უკრაინის სასწრაფო დაფინანსებას ითვალისწინებს, ასევე აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში ინვესტიციას ახორციელებს. ის სენატში უმრავლესობით დამტკიცდა და თუ სპიკერი კენჭისყრას დანიშნავს, წარმომადგენელთა პალატაც დაამტკიცებს. კონგრესმა იცის, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია, უსაფრთხოება გავაძლიეროთ ევროპაში, უსაფრთხოება გავაძლიეროთ სახლში და წინ აღვუდგეთ პუტინს. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლა, მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.
ისტორია თვალს გვადევნებს. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმას არავინ დაივიწყებს. ახლაა უკრაინის, ჩვენს მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით მტკიცედ დგომის დრო. ახლაა დრო დავამტკიცოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებას იცავს და ქედს არავის უხრის."