ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ ზაფხულში გაიმართება
გუშინ, 13 აპრილს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, უახლოეს თვეებში სავარაუდოდ ზაფხული იგულისხმება. ამის შესახებ ფსაკიმ ფეისბუკ ჩართვაში განაცხადა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამია:
"ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების სურვილი, აშშ-ის ნაციონალური ინტერესების შესაბამისად. ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს თვეებში "მესამე" ქვეყანაში შეხვედრა და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა შესთავაზა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყანა მზაობა გამოთქვა უმასპინძლოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.
გარდა ამისა, რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს სხვადასხვა რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს.პრეზიდენტმა ნათელი გახადა, რომ აშშ მტკიცედ დაიცავს თავის ინტერესებს რუსეთის ისეთი ქმედების საპასუხოდ, როგორიცაა არჩევნებში ჩარევა და კიბერშეტევები."
ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.