ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს უახლოეს თვეებში შეხვედრა შესთავაზა
ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ფარგლებშიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან უახლოეს თვეებში ნეიტრალურ ქვეყანაში შეხვედრის სურვილი გააჟღერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის პრეს-რელიზშია ნათქვამი, "ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების სურვილი, აშშ-ის ნაციონალური ინტერესების შესაბამისად. ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს თვეებში "მესამე" ქვეყანაში შეხვედრა და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა შესთავაზა.
გარდა ამისა, რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს სხვადასხვა რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს.პრეზიდენტმა ნათელი გახადა, რომ აშშ მტკიცედ დაიცავს თავის ინტერესებს რუსეთის ისეთი ქმედების საპასუხოდ, როგორიცაა არჩევნებში ჩარევა და კიბერშეტევები",- ნათქვამია პრეს-რელიზში.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.