ჯონსონი: არ შეიძლება პუტინს ვენდოთ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის გაგზავნონ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (MLRS), რომლებსაც შეუძლიათ სამიზნეების დაზიანება ბევრად უფრო შორი მანძილიდან. ამის შესახებ ჯონსონმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 27 მაისს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები საშუალებას მისცემს უკრაინას "დაიცვან თავი ძალზე სასტიკი რუსული არტილერიისგან და ეს არის ის, რისკენაც მსოფლიო უნდა წავიდეს".
ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძალები დონბასში "აგრძელებენ მიწის ღრღნას" და მიაღწიეს "ნელ, მაგრამ ხელშესახებ პროგრესს". დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ "უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინელების სამხედრო დახმარების გაგრძელება".
ამასთან, ჯონსონი ეწინააღმდეგება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის ტერიტორიების დაკარგვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიანგთან არ უნდა გქონდეს საქმე, როცა ის შენს მარცხენა ფეხს ჭამს. ჯონსონის თქმით, პუტინი "აბსოლუტურად არასანდოა".
უკრაინა შეერთებულ შტატებს სთხოვს ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 26 მაისს განაცხადა. მისი თქმით, თუ უკრაინა მიიღებს MLRS-ებს და ექნება საკმარისი მძიმე შეიარაღება, შეძლებს რუსი ოკუპანტებისაგან ხერსონის განთავისუფლებას.