ჯონსონი: ფრანგებს ომის არ ჯეროდათ, გერმანია უკრაინის დანებებას ემხრობოდა
ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე საფრანგეთში არ სჯეროდათ, რომ ომი შესაძლებელი იყო. თავიდან ამ შესაძლებლობის მიმართ სპეტიკურად იყვნენ განწყობილნი გერმანიაშიც, ხოლო ომის შემთხვევაში მიიჩნევდნენ, რომ უკრაინა უნდა დანებებულიყო.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა CNN-ის პორტუგალიური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ჯონსონის თქმით, რუსეთის სამხედრო მზადება და დაზვერვის ინფორმაცია არ ტოვებდა ეჭვს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადებოდა, თუმცა ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოები საფრთხეზე განსხვავებულად რეაგირებდნენ.
"რაღაც მომენტში გერმანიაში ფიქრობდნენ, რომ თუკი რუსეთი მართლაც შეიჭრებოდა უკრაინაში, უმჯობესი იქნებოდა ამ ამბის სწრაფად დასრულება, ხოლო უკრაინისთვის - დანებება. ეჭვი არ შეგეპაროთ - ფრანგები ბოლო მომენტამდე უარს ამბობდნენ დაეჯერებინათ, რომ ომის საფრთხე რეალურია", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გააკრიტიკა იტალიის იმდროინდელი მთავრობაც, რომელსაც მარიო დრაგი ხელმძღვანელობდა. ჯონსონის თქმით, იტალიის მთავრობა თავდაპირველად ამბობდა, რომ ვერ დაუჭერდა მხარს სხვა ევროპული სახელმწიფოების მკაცრ პოზიციას რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო.
ბორის ჯონსონი სიტყვით გამოვიდა CNN-ის პორტუგალიის ოფისის იუბილეზეც. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, ვლადიმირ პუტინმა თავი მოიტყუა და დაიჯერა, რომ "რუსებისა და უკრაინელების მითიური ერთობის გამო, რუსული ტანკის ლულას უკრაინელები ყვავილებით შეამკობდნენ".
ბორის ჯონსონის თქმით, გათავისუფლებულ უკრაინულ ტერიტორიებზე არსებულ სურათი რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე მეტყველებს და დასავლეთს მოუწოდა არ შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა.
"განადგურებულია ქალაქები, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლულია მხეცურ დაბომბვებში. რუსები ანადგურებენ სკოლებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს. ყველა იმ ადგილს, საიდანაც პუტინის არმია გარბის ჩვენ ვხედავთ მისი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს: სისტემატურ ძალადობას, წამების ოთახებს, ნაღმებს და მახეებს, რომელთა მიზანია დაასახიჩროს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები".