ჯონსონი: პუტინი და მისი არმია ბევრად უფრო ძლიერი გვეგონა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი დასავლეთისგან სტრატეგიულ მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს, მაგრამ უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში 1 ნოემბერს განაცხადა.

მან აღიარა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინა დღეს, ლონდონმა უკრაინის რამდენიმე დღეში დამარცხება იწინასწარმეტყველა.

"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ [ომი] დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდებოდა. ჩვენ მივიღეთ ასეთი სიგნალები სპეცსამსახურებიდან. მათ თქვეს, რომ უპირატესობა მხოლოდ ერთ [რუსულ] მხარეს იქნებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინი და მისი არმია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე რეალურად გამოავლინეს", - თქვა მან.

ბრიტანელი პოლიტიკოსი კიევისთვის მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პირობების თავს მოხვევის საფრთხეს ხედავს, რომლითაც უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს. 

"ჩვენ ვეცდებით კომპრომისზე წასვლას და ვიპოვოთ რაიმე სახის შეთანხმება, რაღაც ბინძური გარიგება პუტინთან, ჩვენ შევეცდებით უკრაინელების წახალისებას ივაჭრონ მათი ტერიტორიის ნაწილით, რაც პუტინს მხოლოდ შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს", - თქვა ჯონსონმა ინტერვიუში. 

მან აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერით, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ევროპამ გამოავლინა ნამდვილი რწმენა დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ.

"ვფიქრობ, რომ უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებასა და გამძლეობას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს", - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

მსგავსი სიახლეები