ჯონსონი: საჭიროა ნატოს მკაფიო სიგნალი უკრაინის მიღების მზაობის შესახებ
ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობის არ სჯერა.
ამის შესახებ მან იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე განაცხადა, რომელიც 8-9 სექტემბერს კიევში გაიმართა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ყველა ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა, გვესმის, რომ მშვიდობას ვერ მივიღებთ პუტინთან შეთანხმებით. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა - და თქვენ ხედავთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი." - ამბობს ბორის ჯონსონი.
მისი თქმით, ნატოს არ სურდა უკრაინის მიღება და სწორედ ესაა ამჟამინდელი ომის მიზეზი.
"ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკაფიო ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში, მაგრამ ერთი ვთქვით და მეორე ვიფიქრეთ - და ამან გამოიწვია ტრაგედია და ახლა ნათლად უნდა ვთქვათ, რომ გვინდა უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატოს წევრი. რაც შეიძლება სწრაფად," - აღნიშნა მან.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, პუტინმა პირველმა გაანადგურა არგუმენტი, რომ თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, ეს რუსეთის პრეზიდენტის პროვოცირებას მოახდენს.
"ეს (უკრაინის ნატოში რაც შეიძლება სწრაფად მიღება. – რედ.) ძალიან რთული იქნება რუსეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ბიბლიაში: 'რწმენის ძალა სიცხადეშია.'" - აღნიშნა ჯონსონმა.
უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი მიმდინარე წლის ივლისში ვილნიუსის ნატოს სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანებისას წევრობის სამოქმედო გეგმა არ დასჭირდება. ამავდროულად, მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი უკრაინას ნატოში მიიწვევენ, როდესაც შესაბამისი პირობები იქნება.