ჯონსონი: უახლოეს თვეებში რუსეთს რესურსების ნაკლებობა შეექმნება და უკრაინა კონტრშეტევას დაიწყებს
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უახლოეს თვეებში რესურსების ამოწურვის გამო, რუსეთის შეტევა უკრაინაში შენელდება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროპული გამოცემების ჯგუფთან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება Reuters.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსი დამპყრობლები წინ მიიწევენ დონბასში, ანადგურებენ უკრაინულ დასახლებებს, მაგრამ განიცდიან ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სერიოზულ დანაკარგებს.
"თუმცა, ჩვენი სამხედრო დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში რუსეთის ფედერაცია შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ წინსვლა აღარ ექნება, რადგან მან თავისი რესურსები ამოწურა", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ამ მომენტში უკრაინას პარტნიორები უნდა დაეხმარონ საომარი მოქმედებების შემობრუნებაში.
"ამაზე დიდი შვიდეულის სამიტზე ვიკამათებ, რომელიც მომდევნო შაბათ-კვირას გერმანიაში გაიმართება. უკრაინელებს შეუძლიათ კონტრშეტევის წამოწყება, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა იმ ტექნიკით, რომელსაც ისინი ჩვენგან მოითხოვენ", - თქვა ჯონსონმა.
კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის პრეზიდენტის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება ჯონსონმა უპასუხა: "რათა ჩვენ მაინც აღვადგინოთ 24 თებერვლამდე არსებული სტატუს კვო, რომ რუსული ჯარები განდევნონ იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი შეიჭრნენ".