ჯონსონი: უკრაინას მეტ მძიმე შეიარაღებას მივაწვდით
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დასავლელ მოკავშირეებთან გამართული საუბრის შემდეგ მედიასთან რამდენიმე კომენტარი გააკეთა. ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას მეტ მძიმე არტილერიას მიაწვდის.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
"ეს სულ უფრო მეტად გახდება საარტილერიო დაპირისპირება, მათ [უკრაინას] სჭირდებათ მეტი არტილერია და ჩვენ სწორედ მეტ მძიმე არტილერიას მივაწვდით, დამატებით სხვა ტიპის შეიარაღებასთან ერთად", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
გაერთიანებული სამეფო იმ დასავლურ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებმაც უკვე დაიწყეს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემა, მათ შორის სხვადასხვა სახეობის ჯავშანტექნიკისა და ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემები.
დასავლელი სახელმწიფოების ლიდერთა ონლაინ სამიტი უკრაინაში ომის ახალი ფაზის დაწყების შემდეგ დაანონსდა. ჯონსონის თქმით, მისი ინიციატივაა, რომ დასავლეთმა ისეთი ტიპის დახმარება გაუწიოს უკრაინას, რომ რუსეთმა ვეღარასდროს შეძლოს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრა.