ჯონსონის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად, კონგრესში ხელმოწერებს აგროვებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის გვერდის ავლით უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დასამტკიცებლად ხელმოწერებს აგროვებენ.

ამის შესახებ Reuters იუწყება.

პალატის საპროცედურო კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ჯიმ მაკგოვერნმა თქვა, რომ სამშაბათს დილით მან მოამზადა ე.წ გათავისუფლების პეტიცია, რომელმაც შეიძლება აიძულოს წარმომადგენელთა პალატა კენჭი უყაროს საკითხს, თუ 218 ხელმოწერის შეგროვება მოხერხდება. ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.

მაკგოვერნმა 15 თებერვალს წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პეტიციისთვის შეიძლება გამოიყენონ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესს შეუძლია ხელმოწერების შეგროვება ამ კვირაში დაიწყოს, რათა უკრაინისა და სხვა პარტნიორების დახმარების შესახებ კანონპროექტი კენჭისყრაზე წარმომადგენელთა პალატაში სპიკერ მაიკ ჯონსონის გვერდის ავლით გაიტანოს.

ამერიკული მედია წერს, რომ ჯონსონი და კომიტეტების რესპუბლიკელი ხელმძღვანელები მუშაობენ უკრაინისთვის დახმარების საკუთარი პაკეტის შემუშავებაზე.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთანავე განიხილება.

მსგავსი სიახლეები