JP Morgan: რუსეთს შესაძლო დეფოლტი ემუქრება

 

საინვესტიციო ბანკი JP Morgan-აცხადებს, რომ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების გამო რუსეთმა შესაძლოა საერთაშორისო სამთავრობო ვალის გადახდა ვერ შეძლოს.

რუსეთს მარტის ბოლოს 700 მილიონი დოლარის ღირებულების სამთავრობო ობლიგაციების სარგებლის გადახდა უწევს.

JP Morgan-ის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა და სხვა ფინანსური შეზღუდვები რუსეთის ხელისუფლებას ვალის მომსახურებას ძალიან გაურთულებს.

რუსეთს ჯამში თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებში საერთაშორისო ბაზარზე 40 მილიარდი დოლარის ვალი აქვს.

გასულ კვირაში საკრედიტო რეიტინგის წამყვანმა სააგენტოებმა - S&P Global-მა, Moody’s-მა და Fitch-მა - რუსეთის საინვესტიციო ქულა მნიშვნელოვნად შეამცირეს.

 


უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთი მასშტაბური ეკონომიკური შეზღუდვების ქვეშ მოექცა.
 
მათ შორის ყველაზე კრიტიკული "დიდი შვიდიანის" ქვეყნების მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების გაყინვა აღმოჩნდა.
 
სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში რუსული რუბლი მესამედით გაუფასურდა, რასაც რუსეთში სააქციო ბირჟის დაკეტვა და მონეტარული პოლიტიკის რეკორდული გამკაცრება მოჰყვა.
 
რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდს - რომელიც საპენსიო დანაზოგებს აერთიანებს - რუსული კომპანიების გაუფასურებული აქციების შესასყიდად ტრილიონი რუბლის გამოყოფა მოუწია.
 
პუტინის განკარგულებით რუსეთის მოქალაქეებს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვა შეეზღუდათ. ხოლო იმ კომპანიებს, ვინც ენერგოპროდუქტების და ბუნებრივი რესურსების ექსპორტით ვაჭრობს, მიღებული შემოსავლის 80 %-ის ეროვნულ ვალუტაში სავალდებულო კონვერტაცია მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები