კადიროვი მეთაურებს აკრიტიკებს და 'დაკარგული ქალაქების' დაბრუნებას ჰპირდება

ხარკოვის რაიონში რუსეთის არმიის მიერ განცდილი კოლაფსის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას აკრიტიკებს და ვითარების გარკვევას მოითხოვს. 

"თუ დღეს ან ხვალ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში არ შევა ცვლილებები იძულებული ვიქნები პირდაპირ დავუკავშირდე ქვეყნის ხელმძღვანელობას და განვუმარტო მათ ადგილზე შექმნილი ვითარება და ვითარება ადგილზე ძალიან საინტერესოა, გამოსაშტერებელი მე ვიტყოდი",- ამბობს კადიროვი. 

კადიროვის თქმით, ომის მსვლელობისას დაშვებული იქნა შეცდომები - "მე ვფიქრობ თავდაცვის სამინისტროში გამოიტანენ დასკვნებს. შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს, როდესაც სიმართლეს პირდაპირ ეუბნებიან, მაგრამ მე მიყვარს სიმართლის თქმა". 

ამავე მიმართვაში კადიროვი პირობას დებს, რომ დაიბრუნებს ბოლო დღეებში დაკარგულ ტერიტორიებს და ოდესასაც - "მე, რამზან კადიროვი ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ამ ქალაქს დავიბრუნებთ. იქ უკვე იმყოფებიან ჩვენი ბიჭები, გასამგზავრებლად მზად არის კიდევ 10 ათასი მებრძოლი. უახლოეს მომავალში ჩვენ ოდესამდე ჩავალთ, თქვენ დაინახავთ კონკრეტულ შედეგებს. მე ვიცი ერთი რამ - რუსეთი აუცილებლად გაიმარჯვებს, ნატოს შეიარაღება დამარცხდება ჩვენი მებრძოლების საბრძოლო სულისკვეთების წინაშე. ჩვენი გამოჩენის შემდეგ მტერს ხელ-ფეხი უკანკალებს". 

მსგავსი სიახლეები