ჰარისი: სანქციები უზარმაზარ ზიანს მიაყენებს მას, ვინც პასუხი უნდა აგოს

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "უპრეცედენტო ფინანსურ სანქციებს" მიიღებს. ამის შესახებ ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"მსოფლიო ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია", - უთხრა მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 

"ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო და შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით ვთქვა: თუ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციას დაიწყებს, ამერიკის შეერთებული შტატები, მის მოკავშირეებთან ერთად, მნიშვნელოვან და უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. არ შეცდეთ, სწრაფი და კოორდინირებული სანქციები უზარმაზარ ზიანს მიაყენებს მათ, ვინც პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, დასავლეთის ძალა ერთიანობაშია და უკრაინაში რუსეთის შეჭრა რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას გამოიწვევს.

მოგვიანებით ჰარისმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა: "თქვენი ქვეყნისთვის შექმნილ ნებისმიერ საფრთხეს სერიოზულად ვუყურებთ."

ზელენსკიმ ჰარისს უპასუხა, რომ მათ კარგად ესმით რაც ხდება და უკრაინას თავის მიწაზე მშვიდობა სურს.

გარდა ამისა, ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რათა მისმა ქვეყანამ მეტი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება მიიღოს.

მსგავსი სიახლეები