კამერონმა ევროპას მოუწოდა ზეწოლა მოახდინოს წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონსონზე
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა ზეწოლა მოახდინონ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერზე, მაიკ ჯონსონზე, რათა მან კენჭისყრაზე დააყენოს უკრაინის დახმარების კანონპროექტი.
ამის შესახებ Politico წერს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ ტელეფონზე ან, ჩემს შემთხვევაში, პირადად შევხვდეთ სპიკერ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, რათა ეს კანონპროექტი დაამტკიცოს," - განაცხადა მინისტრმა.
ის დარწმუნებულია, რომ ამაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს რეალური როლი აქვთ.
კამერონმა ასევე ევროპას მოუწოდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-მდე გაზარდოს.
"ჩვენ გვჭირდება - განსაკუთრებით მათ, ვინც ორ პროცენტს არ ხარჯავს - შევხვდეთ პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს და ვუბიძგოთ მათ ამ თანხების გამოყოფისკენ," - თქვა მან.
მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს "რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს", მათ შორის, სასესხო დახმარების შესაძლო გაცემას.
მანამდე, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის დახმარებას "უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება" მას შემდეგ, რაც კონგრესი მუშაობას დაუბრუნდება.
აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების დამტკიცებას რესპუბლიკელები კვლავ ბლოკავენ წარმომადგენელთა პალატაში. თეთრმა სახლმა არაერთხელ გააფრთხილა საკანონმდებლო ორგანო, რომ ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კიევის საომარ ძალისხმევას ბრძოლის ველზე.