კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
28 ოქტომბერს, ვინიპეგში, უკრაინელ კანადელთა კონგრესის შეხვედრაზე, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის მთავრობის ვებ-გვერდი ავრცელებს.
"ახალი შეზღუდვები ეხება ენერგეტიკული კომპანიების 35 მაღალჩინოსანს, მათ შორის გაზპრომის და მისი შვილობილი კომპანიების, ასევე ექვს ენერგოკომპანიას, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმდინარე დარღვევაში." - ნათქვამია განცხადებაში.
ტრუდომ თქვა, რომ კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთში 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს და სუბიექტს. კანადაში შეზღუდვების ქვეშ მყოფი პირებისა და ბიზნესების სია გამოქვეყნებულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
სანქცირებული პირების სიაში შედიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი და დენის მანტუროვი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი ვიტალი მარკელოვი და მისი პრესმდივანი სერგეი კუპრიანოვი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გაზის ექსპორტიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში ვიქტორ ზუბკოვი.