კანადამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა
27 ივნისს კანადამ რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს პრესსამსახურმა განაცხადა.
სანქციები დაუწესდათ:
- რუსეთის თავდაცვის სექტორთან ასოცირებულ ექვსი ფიზიკურ და 46 იურიდიულ პირს;
- უკრაინის რუსული ოკუპაციის მხარდამჭერ 15 უკრაინელს;
- ბელორუსის სახელმწიფო, თავდაცვის სტრუქტურებიდან და ორი ორგანიზაციიდან 13 პირს.
კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გადადგამს ზომებს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული მანქანის საქმიანობის წინააღმდეგ, რომელსაც კრემლის ოფიციალური პირები აკონტროლებენ.
ტრუდომ აღნიშნა, რომ გადაიდგმება ნაბიჯები რუსეთში გარკვეული მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის მიზნით, რამაც შეიძლება გააძლიეროს რუსეთის თავდაცვის სექტორი, მათ შორის კვანტური კომპიუტერები, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მასალები.
მსგავსი აკრძალვა ბელორუსს უკვე დაუწესდა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა რუსული ოქროს წინააღმდეგ სანქციების დაწესება და მისი იმპორტის ნაწილობრივი აკრძალვა.
მთლიანობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადამ სანქციები რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში 1070-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.