კანადის მომავალი პრემიერი ტრამპს: კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი

კანადის მმართველი პარტიის, ლიბერალების ლიდერი ქვეყნის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მარკ კარნი გახდა და ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დაიკავებს.

"ამერიკა არ არის კანადა. და კანადა ვერასდროს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე ფორმით," - თქვა კარნიმ გამარჯვების შემდგომ გამოსვლაში. "ჩვენ არ გვსურდა ეს ბრძოლა, მაგრამ კანადელები ყოველთვის მზად არიან, როდესაც ვინმე ხელთათმანს ისვრის."

ის ოფიციალურად კანადის 24-ე პრემიერ-მინისტრის პოსტს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ დაიკავებს.

კანადაში პოლიტიკური ლანდშაფტი ტრამპის დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეკონომიკური პრობლემების და ინფლაციის გამო უკიდურესად არაპოპულარული ლიბერალური პარტია კონსერვატორებს თითქმის 20%-ით ჩამორჩებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. თუმცა, დონალდ ტრამპის მიერ ანტი-კანადური კამპანიის დაწყებამ და ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებამ მოსახლეობაში ნაციონალისტური განწყობების ზრდა და მოქმედი ხელისუფლების ირგვლივ გაერთიანება გამოიწვია.

"ამერიკელებს სურთ ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა," - თქვა კარნიმ. "დაფიქრდით. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ჩვენი ცხოვრების წესს დაანგრევენ."

გამოსამშვიდობებელი გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ კანადელი ერი გადამწყვეტ მომენტშია. "დემოკრატია არ არის მოცემულობა. თავისუფლება არ არის მოცემულობა. კანადაც კი არ არის მოცემულობა,"- თქვა მან.

კარნი შიდაპარტიულ კამპანიას კრიზისების წარმატებული მენეჯერის რეპუტაციით აწარმოებდა და ამტკიცებდა, რომ ამ მძიმე ვითარებაში სწორი ადამიანია ტრამპის მიერ შექმნილი საფრთხეების საპასუხოდ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, კანადელებისთვის ყველაზე მძიმე გამოწვევად ტრამპი და მისი პოლიტიკა მიიჩნევა, მას მოსდევს სამუშაო ადგილები, ინფლაცია და ეკონომიკა.

კანადელების დაახლოებით 90% აშშ-ის საზღვრიდან 240 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობს.

კარნი წარსულში კანადასა და ბრიტანეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ის მხარს უჭერს აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას.

ჯასტინ ტრუდო ლიბერალების ლიდერი 2013 წლიდან იყო, ხოლო ქვეყნის პრემიერის პოზიციას 2015 წლიდან იკავებდა.

იანვარში მან გამოაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას პარტიის ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ დატოვებდ. მისი გადაწყვეტილების მიზეზი სამთავრობო კაბინეტის წევრების გადადგომა და პარტიის რეიტინგის მკვეთრად შემცირება იყო.

მსგავსი სიახლეები