კასპაროვი: უკრაინის დროშა სევასტოპოლში – ერთადერთი შანსი მომავალი თავისუფალი რუსეთისთვის

"თავისუფალი რუსეთის ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიდოსტატმა მოჭადრაკე გარი კასპაროვმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გამცხადება გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ რუსული ოპოზიცია, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, მორალურ ვალდებულებას გრძნობს, დაეხმაროს უკრაინას, რადგან მისი გამარჯვება "ერთადერთი შანსია" რუსეთისთვის, რომ "იპოვოს გზა ცივილიზებულ სამყაროში დასაბრუნებლად."

ვითარების არსი: კასპაროვის თქმით, მისი ორგანიზაცია ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან, რადგან ისინი უკრაინის სრულ გამარჯვებას უჭერენ მხარს.

  • "უკრაინის დროშა სევასტოპოლში – ეს არის ერთადერთი შანსი მომავალი თავისუფალი რუსეთისთვის... ამ გამარჯვების გარეშე აბსოლუტურად არაფერია შესაძლებელი," – ნათქვამია განცხადებაში.
  • ამასთანავე, ის ხაზს უსვამს, რომ ფორუმი მორალურ უფლებას არ აძლევს თავს, უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები უკარნახოს, თუნდაც ტრამპის "სამშვიდობო შეთანხმების" განხილვის ფონზე.

დაეწიე ამბავს: "ჩვენ, თავისუფალი რუსეთის ფორუმი და ჩვენი თანამოაზრეები, ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, რადგან უკრაინის გამარჯვება არის თავისუფლების ძალების გამარჯვება ტირანიის ძალებზე გლობალურ ომში. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ იპოვოს გზა ცივილიზებულ სამყაროში დასაბრუნებლად. არ არის ფაქტი, რომ გამოვა, მაგრამ ამ გამარჯვების გარეშე აბსოლუტურად არაფერია შესაძლებელი." - წერს კასპაროვი სოციალურ ქსელში.

  • "უკრაინის დროშა სევასტოპოლში – ეს არის ერთადერთი შანსი მომავალი თავისუფალი რუსეთისთვის. ამ საკითხში ჩვენ ფუნდამენტურად განვსხვავდებით რუსული ანტიპუტინური ოპოზიციის მრავალი წარმომადგენლისგან." - აღნიშნა რუსული ოპოზიციის ლიდერმა.
  • ის მიიჩნევს, რომ უკრაინელებს რუსეთის ოპოზიციის რჩევები არ სჭირდებათ.
  • "პრეზიდენტი ზელენსკი არ არის დიქტატორი. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ომის დროსაც მშვენივრად აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია ერთპიროვნულად ან თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად გადაწყვიტოს უკრაინული ტერიტორიებისა და უკრაინული სახელმწიფოებრიობის მომავალი. უკრაინელები თავად მოაგვარებენ ამ საკითხს, ჩვენს გარეშე; ჩვენი საქმეა – მათ დავეხმაროთ. იმის მიხედვით, რასაც ვხედავ და მესმის, უკრაინელებთან ურთიერთობისას, ისინი დანებებას არ აპირებენ. შესაბამისად, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია. ჩვენთვის ეს არის ღირსების საქმეც და ჩვენი ვალიც, მათ შორის მომავალი რუსეთის წინაშე." - განაცხადა კასპაროვმა.

დიდი სურათი: Bloomberg-ის ცნობით, 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სტივ უიტკოფმა და კირილ დმიტრიევმა შეათანხმეს, არ მიიღეს, რადგან მასში ბევრი წინააღმდეგობრივი ასპექტი იყო.

  • უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან საპასუხო რეაქციის შემდეგ, ჟენევაში 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებებისას, რუსულ-ამერიკული დოკუმენტი შეცვალეს და 19 პუნქტამდე შეამცირეს.
  • მოლაპარაკებების შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შეცვლილი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ასახავს. თეთრმა სახლმა 25 ნოემბერს თქვა, რომ აშშ-მა "უზარმაზარ პროგრესს" მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე, მოუწოდა უკრაინასა და აგრესორ ქვეყანას, რუსეთის ფედერაციას, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
  • CNN-მა დაასახელა სამი საკვანძო პუნქტი "სამშვიდობო გეგმაში," რომლებზეც უკრაინასა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ არ არის თანხმობა.

მსგავსი სიახლეები