"ხერსონი უკრაინაა"- ოკუპირებული ხერსონში სახალხო რესპუბლიკის იდეა ჩააგდეს

რუსების მიერ ოკუპირებული ხერსონის საკრებულომ საგანგებო სხდომაზე ოკუპანტების წნეხის მიუხედავად ხერსონის სახალხო რესპუბლიკის იდეას მხარი არ დაუჭირა. 

"შედგა ხერსონის რაიონული საკრებულოს საგანგებო სხდომა, 44 დეპუტატმა მიიღო დადგენილება, რომ ხერსონი უკრაინაა და რომ არანაირი ფსევდო რესპუბლიკა ხერსონის ოლქში არ იქნება",- წერს დეპუტატი სერგეი რიბალკო. ხაზგასასმელია, რომ ხერსონის რაიონულ საკრებულოში სულ 64 დეპუტატია. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები 2014 წლის დონბასის მსგავსად ხერსონშიც ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას და ხერსონის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადებას აპირებდნენ. მათ შორის ამ საფრთხეზე წერდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც. 

ოკუპაციის მიუხედავად ქალაქში ყოველდღიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ რუსული სამხედრო ტექნიკა დგას. 

ხერსონის მერის, იგორ კალიხაევის თქმით, ოკუპანტები ამ დრომდე არ ატარებენ ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კოლონებს. 

მსგავსი სიახლეები