კიევი: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს

 

უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ დასავლელი ლიდერები სანქციების კიდევ ერთ, მეოთხე პაკეტს ამზადებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სანქციების ახალი პაკეტი დასავლეთიდან რუსი დიპლომატების ნაწილის გაძევებას, რუსული საბანკო სისტემისთვის შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას და პუტინთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ამას გარდა, ევროკავშირში განიხილავენ „რუსი კორუპციონერების რეესტრის“ შექმნას, რომელშიც რუსი მაღალჩინოსნები და კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები შევლენ.

რეესტრში მოხვედრილი პირები დასავლეთში ბიზნესის წარმოებას ან ფინანსური ოპერაციების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

აქამდე ე. წ. „ანტიპუტინური კოალიციის“ წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური საბანკო, საფინანსო და ტექნოლოგიური სანქციები აამუშავეს.

„დიდი შვიდიანის“ ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსული ბანკები გათიშეს SWIFT-ის საერთაშორისო გადარიცხვის სისტემიდან.

დაწესდა მაღალტექნოლოგიური საქონლის რუსეთში ექსპორტზე შეზღუდვები.

პერსონალური სანქციები შემოიღეს ვლადიმირ პუტინის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და დუმის დეპუტატების წინააღმდეგ.

სანქციების შედეგად რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა, რუსულმა კომპანიებმა კი ბირჟებზე მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.

რუსულ ავიაკომპანიებს 32-მა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრებმა, საჰაერო სივრცე დაუკეტეს.

მსგავსი სიახლეები