კიევში საჯარო სივრცეებში რუსული სიმღერების ჩართვა აიკრძალა

კიევის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის ტერიტორიაზე რუსულენოვანი კულტურული პროდუქტის საჯარო გამოყენება აკრძალეს - საუბარია სიმღერებზე, კონცერტებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე.

ეს ინფორმაცია კიევის საკრებულოს ვებგვერდზე 13 ივლისს გამოქვეყნდა.

საკრებულოს განათლებისა და მეცნიერების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ ვასილჩუკის თქმით, "აუცილებელია საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ შეიზღუდოს რუსულენოვანი კულტურული პროდუქტი უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიაზე."

გადაწყვეტილების თანახმად, კულტურის სფეროში საქმიანობის განხორციელების პროცესში შექმნილი რუსულენოვანი საქონლისა და მომსახურების საჯარო გაშუქება და დემონსტრირება აიკრძალა.

მან დააკონკრეტა, რომ საუბარია შემდეგ პროდუქტებზე: წიგნები, ხელოვნების ალბომები, აუდიოვიზუალური ნამუშევრები, მუსიკალური აუდიოჩანაწერები, ხელნაკეთი ნივთები, თეატრალური და ცირკის წარმოდგენები, კონცერტები, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურება.

ვასილჩუკმა აღნიშნა, რომ მორატორიუმი ასევე ვრცელდება მატერიალური და სულიერი კულტურის ობიექტებზე, რომლებსაც აქვთ მხატვრული, ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მნიშვნელობა და ექვემდებარება კონსერვაციას, რეპროდუქციას და დაცვას უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

ამ გადაწყვეტილებას მხარი 120-დან 71-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამასთან, საკრებულოში არ საუბრობენ, როგორ გაუწევენ მონიტორინგს ახალი შეზღუდვის დაცვას და რა სასჯელია გათვალისწინებული საკრებულოს გადაწყვეტილების დარღვევისთვის.

მსგავსი სიახლეები