კირ სტარმერი: ჯერემი კორბინი ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი აღარ იქნება

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა, განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, ჯერემი კორბინი, მომდევნო არჩევნებზე პარტიის კანდიდატი აღარ იქნება.

ამის შესახებ კირ სტარმერმა ლეიბორისტულ პარტიაში არსებული ანტისემიტიზმის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"როცა ვთქვი, რომ პარტია შეიცვალა, გულწრფელი ვიყავი. წარსულში არ დავბრუნდებით. ამიტომაც აღარ იქნება ჯერემი კორბინი ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე," - თქვა ბრიტანული ოპოზიციის ლიდერმა.

ბრიფინგს დამოუკიდებელი დამკვირვებელი ორგანიზაციის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის (EHRC) მიერ ლეიბორისტულ პარტიაში არსებულ ანტი-სემიტიზმზე დაკვირვების შეჩერება უძღოდა წინ.

ამის მიზეზი კი კირ სტარმერის ლიდერობისას გატარებული რეფორმებია.

2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში EHRC წერდა, რომ  "გაწყდა ნდობა [ლეიბორისტულ] პარტიას, მის ებრაელ წევრებსა და ფართო ებრაულ თემს შორის."

ჯერემი კორბინმა, ვინც პარტიაში ანტი-სემიტიზმის პრობლემისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული, ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ბრალდებები უარყო.

მისი თქმით, "პრობლემის მასშტაბი პოლიტიკური მოტივებით მკვეთრად გადაჭარბებული იყო."

ამ განცხადების შემდეგ ჯერემი კორბინი, რომელიც 2019 წლის არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ლიდერობიდან გადადგა, პარტიიდან მოკვეთეს.

 

ახლა კი პარტიის ამჟამინდელი ლიდერი ადასტურებს, რომ ჯერემი კორბინი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიიდან კენჭს აღარ იყრის ჩრდილო იზლინგტონის ოლქში, რომელსაც კორბინი თემთა პალატაში უკვე 40 წელია წარმოადგენს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები