კირბი: რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის მიღება სურს

თეთრმა სახლმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან მეტი საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობს. ამის შესახებ POLITICO წერს.

უკრაინაში გაჭიანურებული ომის ფონზე, რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტი იწყება.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ ფხენიანს საკვებს გაუგზავნის.

"ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ და გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალის შეძენას", - თქვა მან.

რუსეთი საბრძოლო მასალის მარაგს ძალიან აქტიურად იყენებს, რადგან უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლამ შეანელა რუსეთის ნებისმიერი წინსვლა სხვა მიმართულებებზე და რუსეთის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ქალაქთან დაიხარჯა.

ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის მარაგი მოსკოვს დაეხმარება, უკრაინის მიერ გაზაფხულზე მოსალოდნელი შეტევის წინ, ჭურვების დეფიციტი შეავსოს.

დეკემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ ფხენიანი "ვაგნერის" დაჯგუფებისთვის რაკეტებისა და ჭურვების მიწოდებაში დაადანაშაულა, რომელიც სწორედ ბახმუტში იბრძვის.

რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის შესაძლო შეთანხმება, სავარაუდოდ, სლოვაკი იარაღის დილერის აშოტ მკრტიჩევის შუამავლობით შედგა, რის გამოც ამერიკამ მას სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები