კისილიოვი: კრემლმა პრიგოჟინის კომპანიებს ტრილიონ რუბლზე მეტი გადაუხადა
რუსმა პროპაგანდისტმა დიმიტრი კისილიოვმა თავის გადაცემაში დაასახელა იმ კონტრაქტების მთლიანი რაოდენობა, რომელიც სახელმწიფომ ვაგნერთან და ევგენი პრიგოჟინის კომპანია კონკორდ ჰოლდინგთან გააფორმა.
"ვაგნერმა სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტებით 858 მილიარდ რუბლზე ცოტა მეტი მიიღო, ეს არის ტრილიონამდე.
სხვა კონტრაქტებით, პრიგოჟინის ჰოლდინგი, კონკორდი, ცალკე ახორციელებდა კიდევ 845 მილიარდი რუბლის ღირებულების მომსახურებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ამ მასშტაბის შემოსავალი მიიღეს, მაგრამ მაინც მეტყველებს ბიზნესის და ამბიციების მასშტაბებზე." - თქვა პროპაგანდისტმა.
სავარაუდოდ, საუბარია პრიგოჟინის კომპანიების მიერ არსებობის მთელ პერიოდში მიღებულ თანხებზე. ვაგნერი 10 წლის წინ - 2013 წელს დაარსდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ კრემლს ვაგნერთან არაფერი აქვს საერთო.
მან მხოლოდ პრიგოჟინის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ აღიარა, რომ ვაგნერს ფულს უხდიდა.
პუტინმა თქვა, რომ 2022 წლის მაისიდან 2023-ის მაისამდე რუსეთმა ვაგნერს თითქმის მილიარდი დოლარი (86 მილიარდი რუბლი) გადაუხადა.
1 ივლისს რუსეთის ფედერაციაში ვაგნერის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო - რუსეთის "პირველი არხის" ეთერში დაიწყო საუბარი ვაგნერის არაეფექტურობაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით.