კლევერლი: ბრიტანეთმა უკრაინას 2.3 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარება გადასცა
ბრიტანეთმა უკრაინას 2.3 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ 25 ოქტომბერს, ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების წინაშე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
კლევერლიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
"პუტინის იმპერიალისტური სწრაფვა მეზობლის დასამორჩილებლად წარმოადგენს საერთაშორისო წესების ყველაზე დიდ შესაძლო დარღვევას, რომლებიც იცავს თითოეულ სახელმწიფოს. თუ ეს აგრესია წარმატებას მიაღწევდა, მსოფლიოს ნებისმიერი ექსპანსიონისტური რეჟიმი წახალისდებოდა უარესისკენ და ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ გრძნობდა თავს დაცულად. ამიტომ ჩვენ ყველანი ვართ მტკიცედ განწყობილი, ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით მის გამარჯვებამდე. ეჭვი არ მეპარება, რომ გაიმარჯვებენ", - განაცხადა მინისტრმა.
კლევერლის თქმით, დიდი ბრიტანეთი არის უკრაინის სიდიდით მეორე სამხედრო დონორი შეერთებული შტატების შემდეგ. გაერთიანებულმა სამეფომ წელს უკრაინას 2.3 მილიარდი ფუნტის დახმარება გაუწია და იგივე რაოდენობის დახმარებას 2023 წელსაც გადასცემს.
გარდა ამისა, თებერვლიდან ბრიტანულმა მხარემ უკრაინას 220 მილიონ ფუნტზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და თავის ქვეყანაში 100 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას გამოუყო 1.3 მილიარდი ფუნტი, როგორც სესხის გარანტია მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, ასევე 74 მილიონი ფუნტი უკრაინის მთავრობას პირდაპირი გრანტის სახით.