კლევერლი: მშვიდობის მიღწევის უსწრაფესი გზა პუტინის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაა

დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ 5 ივნისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ. 

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მშვიდობისკენ უსწრაფესი და უმოკლესი გზა არის პუტინის მიერ ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. სანამ ის ამას გააკეთებს, უკრაინისთვის საუკეთესო გზაა, გააგრძელოს თავისი მიწების დაცვა. დიდი ბრიტანეთი კი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე. იმიტომ, რომ - კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინის დაცვას, არამედ უფრო ფართო, გლობალური სტრუქტურის დაცვას, რომელიც იცავს ჩვენს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა კლევერლიმ.

მისი თქმით, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ "მისთვის ერთადერთი ვარიანტია ჯარების გაყვანა და ულამაზესი ქვეყნის, უკრაინის მშვიდობის უზრუნველყოფა."

კლევერლიმ ასევე თქვა, რომ 21-22 ივნისს ლონდონში გაიმართება კონფერენცია უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესახებ, რომელზეც მოწვეული იქნებიან წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ვიზიტით 5 ივნისს ჩავიდა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, მან განიხილა უკრაინის მოლოდინები ვილნიუსის ნატოს სამიტზე, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის ხელშეწყობა და მისი განხორციელებისთვის გლობალური სამიტის მომზადება, ასევე ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის აღდგენის შესახებ.

მსგავსი სიახლეები