კლიჩკო: ჰამბურგი კიევის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში დაგვეხმარება
ქალაქები კიევი და ჰამბურგი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ და კრიზისის დროს მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ტელეგრამზე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
კლიჩკომ ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალი ჰანზის ქალაქ ჰამბურგის მერთან, პიტერ ჩენჩერთან, სოლიდარობისა და მომავლისთვის.
"საუბარია ჩვენს ქალაქებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე და, უპირველეს ყოვლისა, ჰამბურგის მიერ კიევის აღდგენისთვის დახმარების გაწევაზე. ამისთვის გამოიკვეთება კონკრეტული პროექტები. ასევე ჰამბურგი გააძლიერებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ცალკე ყურადღებას გაამახვილებს კიევის განსაკუთრებულ საჭიროებებზე", - წერს კლიჩკო.
მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია კიევისა და უკრაინისთვის, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რადგან უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სახელმწიფოსთვის და მშვიდობისთვის მთელ ევროპაში.
"და მე მადლობელი ვარ ჰამბურგის, ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქის, მეგობრობის, მხარდაჭერისა და კიევისა და უკრაინის დასახმარებლად მზადყოფნის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის", - განაცხადა კიევის მერმა.
ჰამბურგის მერის თქმით, შეთანხმება აჩვენებს, რომ ჰამბურგის მოსახლეობა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და სოლიდარობას უცხადებს მას.
"კიევს, როგორც დედაქალაქს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან პირდაპირი კავშირების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია კიევს მიზნობრივი დახმარება გავუწიოთ და მოქნილად ვუპასუხოთ გადაუდებელ საკითხებს. მივმართავ ჰამბურგის საწარმოებს, ისევე როგორც ჩვენი ქალაქის ყველა მცხოვრებს - მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს და დაეხმარონ მათ!" - ციტირებს კლიჩკო ჩენჩერს.