კლიჩკო: ომის დაწყებიდან კიევში 75 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან ოთხი ბავშვია
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, კიევში 75 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ 24 მარტს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დამპყრობლები ბომბავენ კიევს, ცდილობენ ჩვენს ალყაში მოქცევას და დაშინებას. რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან დღემდე კიევში დაზიანდა 87 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 10 კერძო სახლი, 12 სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი. დაიღუპა 75 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ოთხი ბავშვი. დაშავებულია 307 მშვიდობიანი მოქალაქე და 16 ბავშვი. ჩვენ არაფერს დავივიწყებთ და არავის ვაპატიებთ", - განაცხადა კლიჩკომ.
მან კიევის მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან კომენდანტის საათი, უსაფრთხოების წესები და ასევე არ წავიდნენ ტყე-პარკებში საცხოვრებელი უბნების გარეთ ხანძრის საფრთხის გამო.