კლიშიივკა და რობოტინე - უკრაინის არმიამ წინ წაიწია ფრონტის 2 მიმართულებით
გასული დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა წინ წაიწიეს ფრონტის ერთდროულად 2 მიმართულებით. საუბარია ზაპორიჟიისა და ბახმუტის ფრონტზე.
ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო ექსპერტები და OSINT ანალიტიკოსები, ვერიფიცირებულ და გეოლოცირებულ ვიდეოებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ЗСУ-ს იერიში და წინსვლა გაგრძელდა ზაპორიჟიის ოლქის სოფელ რობოტინეს რაიონში, სადაც უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე დაძლიეს რუსეთის დაცვის პირველი ხაზი.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელთა წინსვლას ვერიფიცირებულ ვიდეოებზე დაყრდნობით ადასტურებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც, რომლის ანალიტიკოსებიც უკრაინის არმიის შემდგომ წინსვლას ვარაუდობენ.
უკრაინული ანალიტიკური პორტალის Deep State-ის ცნობით, სოფელ რობოტინეს აღმოსავლეთით უკრაინელმა მებრძოლებმა გასულ 24 საათში 1 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.
"რუსეთის არმიის კონტრეშეტევების მიუხედავად ЗСУ აგრძელებს ნელ, მაგრამ მდგრად წინსვლას რობოტინესთან",- წერს Def Mon-ის ფსევდონიმის OSINT ანალიტიკოსი.
ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მკვლევარის, მარკუს კოიპის თქმით, სავარუადოა, რომ რუსეთის არმიის არტილერიას არ შეუძლია უკრაინელთა შეჩერება. "ან უკრაინელებმა ეფექტურად გაანეიტრალეს მოწინააღმდეგის არტილერია, ან რუსებს არ ჰყოფნით ჭურვები",- წერს კოიპი.
ზაპორიჟიის გარდა, უკრაინის არმიის წინსვლა დასტურდება ბახმუტის მიდამოებში, კერძოდ დასახლება კლიშიივკასთან. გეოლოცირებული ვიდეოებიდან, ჩანს, რომ რუსული დანაყოფები ნელ-ნელა გადიან კლიშიივკიდან, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული.
ამ დროისთვის კლიშიივკის ტერიტორის დაახლოებით 80%-ს უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებენ, დანარჩენი კი მაღალი ალბათობით, ე.წ. ნაცრისფერ ზონაშია. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიის წინსვლას ადასტურებს ზოგი Z-ბლოგერიც.
იმავე Deep State-ის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის სოფელ ოპიტნოეს მიდამოებში და საგრძნობლად მიუახლოვდნენ დონეცკის აეროპორტს.
კონტექსტი
უკრაინის არმიის ე.წ. სუროვიკინის ხაზის დაძლევის შესახებ პირველად OSINT ანალიტიკოსებმა 30 აგვისტოს დაწერეს.
სუროვიკინის ხაზები რუსეთის მიერ გასული 9 თვის განმავლობაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგებული მასშტაბური დაცვის ხაზებია, რომელიც მოიცავს დანაღმულ ველებს, ანტი-სატანკო თხრილებს, სანგრებს, საყრდენ პუნქტებს და გამაგრებულ საცეცხლე წერტილებს.
"უკრაინის არმიის მიერ რობოტინესთან მიღწეული წარმატების შემდეგ დასავლეთში ფრთხილ ოპტიმიზმით უყურებენ კონტრიერიშის პერსპექტივებს",- წერდა 31 აგვისტოს Wall Street Journal.