Коммерсантъ: ჩინეთმა რუსეთში უახლესი პროცესორების ექსპორტი აკრძალა

ჩინეთის მთავრობამ აკრძალა უახლესი პროცესორების რუსეთში ექსპორტი, რადგანაც აღნიშნულ პროცესორებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის სტატუსი აქვთ.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული Коммерсантъ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

საუბარია კომპანია Loongson-ის მიერ შემუშავებულ LoongArch-ის ტიპის პროცესორებზე, რომელთანაც რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო უკვე მუშაობდა, თუმცა შეზღდუვის ამოქმედების შემდეგ, სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პროცესორების ახალ პარტიას ვეღარ შეიძენენ. 

წყაროს ინფორმაციით, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე პროცესორების ექსპორტი რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა. 

კონტექსტი

კორპორაცია Loongson ჩინეთში 2002 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი ამერიკული წარმოების AMD-ის და Intel-ის ალტერნატიული სისტემების შექმნა იყო. 

გასულ წელს კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი არქიტექტურით შემუშავებული პროცესორი LoongArch, რომელსაც Intel-ისა და AMD-ისთვის დაწერილ პროგრამებზეც შეუძლია ოპერირება. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ პროცესორებისა და ჩიპების მწარმოებელმა კომპანიებმა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტეს. 

რუსეთის მიმართ პირველი ტექნოლოგიური შეზღუდვები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესდა - ამ დროიდან მოყოლებული პროცესორების მწარმოებელ კომპანიებს სენსიტიური ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტისთვის სახელმწიფოსგან გაცემული ლიცენზია ჭირდებოდათ. 

24 თებერვლის შემდეგ აშშ აკრძალა რუსეთში ყველა სახის პროცესორების ექსპორტი, მოგვიანებით ამ სანქციებს შეუერთდა ევროკავშირი და ტაივანიც. 

ჩინეთს რუსეთის სანქციები ოფიციალურად არ დაუწესებია. 

მსგავსი სიახლეები