კრასნოდარში რუსეთის ფლოტის წყალქვეშა ნავის მეთაური მოკლეს - რა ვიცით

კრასნოდარში საქალაქო სამხედრო კომისარიატის მაღალჩინოსანი სტანისლავ რჟიცკი ჩახრცილეს. სამხედრო კომისარიატში გადასვლამდე რჟიცკი შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის მეთაურის პოსტს იკავებდა. 

უკრაინული წყაროები რჟიცკის მკვლელობას გასული წლის ზაფხულში ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკავშირებენ, რომელსაც 27 მშვიდობიანი უკრაინული ემსხვერპლა. 

"დღეს კრასნოდარში ზურგიდან ჩაცხრილეს ქალაქის ადმინისტრაციის სამობილიზაციო საკითხების უფროსის მოადგილე, სტანისლავ რჟიცკი მას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობდი, როდესაც წყალქვეშა ნავის, Краснодар-ის მეთაური იყო",- განაცხადა კრასნოდარის ყოფილმა მერმა, ევგენი პერვიშოვმა. 

რა ვიცით

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულის ცხედარი დილის საათებში ქალაქის ერთ-ერთი პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 

Коммерсант-ის ინფორმაციით, რჟიცკი გასულ წლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, დიდი წყალქვეშა ნავის Б-265-ის მეთაური და მეორე რანგის კაპიტანი იყო. 

სწორედ აღნიშნულ წყალქვეშა ნავს ასახელებდნენ უკრაინული წყაროები ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით. 2022 წლის ივლისში უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაასახელეს რუსეთის ფლოტის იმ წყალქვეშა ნავების მეთაურები, საიდანაც სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მეთაურებს შორის იყო რჟიცკიც. 

გასული წლის 14 ივლისს, ქალაქ ვინიცაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რაკეტების უმეტესობა მშვიდობიან ობიექტებს მოხვდა, მათ შორის საცხოვრებელ სახლებსაც. ამ დღეს ქალაქ ვინიცაში 27 მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა. უკრაინელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ სარაკეტო შეტევა, მათ შორის რჟიცკის გემიდან განხორციელდა. 

თავის მხრივ, მოკლულის მამა რუსულ ტელეგრამ არხ BAZA-სთან საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი ფლოტიდან ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე წამოვიდა. ამავე ვერსიაზე საუბრობს Дождь-თან რჟიცკის მეგობარიც. 

11 ივლისს, დილის საათებში უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია - "განადგურებულია წყალქვეშა ნავის, Краснодар-ის ყოფილი მეთაური."

ამავდროულად, უკრაინის სამხედრო დაზვერვას არ იღებს პასუხისმგებლობას რჟიცკის ლიკვიდაციაზე. უწყების მიერ გავრცელებულ პოსტში წყაროების დაკონკრეტების გარეშე ნათქვამია, რომ მკვლელობის მომენტში რჟიცკი გამარჯვების პარკში ყოველდღიურ გარბენზე იმყოფებოდა. 

"დაახლოებით დილის 6 საათზე რჟიცკის შვიდჯერ ესროლეს მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან. მიყენებული ცეცხსასროლი ჭრილობების შედეგად რჟიცკი ადგილზე გარდაიცვალა",- ნათქვამია შეტყობინებაში. უკრაინული დაზვერვისთვის ცნობილია, რომ მკვლელობის მომენტში ძლიერი წვიმის გამო პარკში ძალიან ცოტა ადამიანი იმყოფებოდა და ამის გამო შემთხვევის მოწმეების პოვნა რთული იქნება. 

ГУР-ში ხაზი გაუსვეს, რომ წყალქვეშა ნავი Краснодар რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური პროექტის, Варшавянка-ს ნაწილია - ამ ჯგუფის წყალქვეშა ნავებს Калибр-ის ტიპის 4 რაკეტის ტარება შეუძლიათ. 

რჟიცკი 1980 წლის 18 დეკემბერს კამჩატკის ნახევარკუნძულზე, წყალქვეშა ფლოტის ოფიცრის ოჯახში დაიბადა. 2003 წელს რჟიცკიმ სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. 2010 წელს მან უკვე სამხედრო-საზღვაო ფლოტის უმაღლეს საოფიცრო კურსები გაიარა. წყალქვეშა ნავის მეთაურად რჟიცკი 2016 წელს დაინიშნა. უკრაინული დაზვერვის მონაცემებით მოკლული 2006 წლიდან ოკუპირებულ სევასტოპოლში მსახურობდა. 

საყურადღებოა, რომ უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებული ვერსია ემთხვევა რუსულ ტელეგრამ არხებსა და Z-ბლოგერებში გავრცელებულ ვერსიას. "ჩვენი ინფორმაციით, რჟიცკკი ყოველდღიურ გარბენზე გაემართა, რა დროსაც სპორტკომპლექსთან მას მკვლელი ჩაუსაფრდა",- წერს ერთ-ერთი პოპულარული Z-ბლოგერი. 

სავარაუდოა, რომ მკვლელმა რჟიცკის ადგილმდებარეობის გამოთვლა ათლეტებისთვის განკუთვნილი სპეციალური მობილური აპლიკაციით Strava-თი შეძლო. აღნიშნული აპლიკაცია პოპულარულია ათლეტური გართობის მოყვარულთა შორის, განსაკუთრებით მორბენლებისა და ველომოყვარულების წრეში. 

BAZA-ს ინფორმაციით, რჟიცკოვი რეგულარულად აქვეყნებდა ინფორმაციას თავისი გარბენების შესახებ და თითქმის ყოველთვის ერთი და იმავე მარშრუტით სარგებლობდა. მომხდარის სწორედ ამ ვერსიას ავრცელებს პროპაგანდისტული RT-იც. 

რუსული მედიის ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირეს ეჭვმიტანილი ლურჯ ქუდში, რომელსაც ქალაქის პოლიცია ამ დრომდე ეძებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა მოითხოვა პირადად აცნობონ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. 

მოგვიანებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ მის უწყებას არანაირი კავშირი არ აქვს რჟიცკის მკვლელობასთან და მომხდარი რუსეთში არსებულ დაპირისპირებას დაუკავშირა. 

მსგავსი სიახლეები