რუსეთი უარზეა ცნოს მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტად
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტარის მიცემის დროს განაცხადა, რომ მაია სანდუ არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის [მოლდოვის] პრეზიდენტად.
პესკოვის თქმით, მოლდოვაში არჩევნები არც დემოკრატიული იყო, არც სამართლიანი და ის მანიპულაციებით იყო სავსე.
"რაც შეეხება ქალბატონ სანდუს, თქვენ იცით, რომ ის არ არის, რამდენადაც ჩვენ გვესმის, მისი ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან თავად ქვეყანაშიც [მოლდოვაში] მოსახლეობის უმრავლესობას მისთვის ხმა არ მიუცია, და საუბარია ძალიან, ძალიან გაყოფილ საზოგადოებაზე" - თქვა პესკოვმა.
კრემლის პრეს-სპიკერის მიხედვით, რუსულ მხარეს შეუძლია "ობიექტურად განსაჯოს ეს არჩევნები" მოლდოვის იმ მოქალაქეების მაგალითზე, რომლებმაც ხმა რუსეთში გახსნილ უბნებზე მისცეს.
პესკოვის თქმით, რუსეთში მცხოვრებ მოლდოვის მოქალაქეებს "საკუთარი ხმების გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცათ" და სწორედ ამიტომ, არჩევნების შედეგების "სუფთად ჩათვლა შეუძლებელია".
შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ რუსეთში მხოლოდ ორი უბანი გახსნა - ორივე მოსკოვში. ორივე უბანზე 5-5 ათასი ადამიანი იყო დარეგისტრირებული და ხმის მისაცემად ორივე მათგანზე 4999-4999 ადამიანი მივიდა.