კულება: 100%-ით ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი იქნება

ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინა ორგანიზაციის წევრი იქნება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 11 მარტს ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

"დღეიდან ჩვენ, უკრაინელებმა, 100%-ით ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი იქნება. ახლა ეს დროის საკითხია. თუ ომამდე ჰიპოთეტურად ვოცნებობდით, რომ ოდესმე გავხდებოდით ევროკავშირის წევრი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ აუცილებლად გავხდებით. ვიმუშავებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინა მოელოდა, რომ "ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის რეზოლუციაში ჩაიწერებოდა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, ბრიუსელი უკრაინის განცხადებას დაამუშავებს და დაჩქარებული პროცედურებით განიხილავს".

"თუ შევადარებთ ჩვენს მოლოდინებს გუშინ და დღეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ, პრინციპში, რაც მოხდა ამაღამ (თუ შევადარებთ იმას, რაც სამი კვირის წინ გვქონდა), მაშინ ეს არის რევოლუცია, რომელიც აკმაყოფილებს უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესებს და ჩვენ ევროკავშირის წევრობის გზაზე გვაყენებს", - განაცხადა კულებამ.

10–11 მარტს საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გაიმართა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და უკრაინასთან ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები