კულება: დროა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების უფლება მისცეთ
ოფიციალური კიევი პარტნიორებისგან ელის თანხმობას, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან საუბარში განაცხადა.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა ელოდება ნებართვას პარტნიორებისგან, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს აწვდიან, ისინი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.
"სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები მოქმედებენ როგორც კოალიცია. და ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშეს, როგორიცაა ევროკავშირი, აქვს მნიშვნელოვანი ხმა ამ დისკუსიებში. და მე მოვუწოდებ ევროკავშირს, ითამაშოს როლი და მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია, რომ ეს არის ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს - თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ინიციატივა რუსეთის შესაძლებლობის აღკვეთაში, გაანადგუროს უკრაინა," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების დაბომბვას გეგმავს.
"პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო აეროდრომებზე, საიდანაც მოქმედებენ რუსული ბომბდამშენები, სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმფრინავები, თუ ჩვენ გვექნება საკმარისი რაკეტები და მივიღებთ გასროლის ნებართვას, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რუსეთის უნარს გაანადგუროს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა და გავაუმჯობესოთ სიტუაცია ჩვენი სამხედროებისთვის," - ხაზგასმით აღნიშნა მან.
"ჩვენ გვინდა ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც საჯარო განცხადებების დონეზე არავინ არ არის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების წინააღმდეგი, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ იდგმება... რა არის პრობლემა: საბოლოო ჯამში, ყველა ასეთი პრობლემური საკითხები მოგვარებადია. მაგრამ დრო მნიშვნელოვანია და ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ ღიად ვთხოვთ შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს, არ აქციონ ფუჭად ის ფასი, რასაც ჩვენი სამხედროები და სამოქალაქო პირები იხდიან," - განაცხადა კულებამ.