კულება: ნატო თანახმაა უკრაინისთვის MAP გააუქმოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დისკუსიის შემდეგ, ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, ალიანსში გაწევრიანების გზაზე, უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა გააუქმონ.
"ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს MAP-ის გაუქმებაზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე," - განაცხადა კულებამ.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ნატოსკენ მიმავალ გზას შეამოკლებს.
"ეს ასევე საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მკაფიოდ ვისაუბროთ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ," - დასძინა კულებამ.
მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ ნატოს მთელი აღმოსავლეთი ფლანგი, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, უკრაინის ახლავე გაწევრიანების მომხრეა.
მას ასევე სჯერა, რომ ნატოს შეუძლია ომის დროსაც კი მიიწვიოს უკრაინა გასაწევრიანებლად და დაასრულოს პროცესი.