კულება წლის მეორე ნახევარში ლათინური ამერიკის ქვეყნებს ეწვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წლის მეორე ნახევარში ლათინურ ამერიკაში ვიზიტებს გეგმავს.
Интерфакс-Украина წერს, რომ ამის შესახებ გვატემალაში ვიზიტით მყოფმა კულებამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მარიო ბუკაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გვატემალამ უპრეცედენტო პასუხი გასცა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ჩვენ ეს შევამჩნიეთ და ყოველთვის მადლიერი ვიქნებით. ამიტომ ვარ აქ. მაგრამ წლის მეორე ნახევარში მე ლათინურ ამერიკაში უფრო დიდ ტურნეს ვგეგმავ. და ამ ტურის ფარგლებში - ვაპირებ მოვინახულო რეგიონის რამდენიმე ქვეყანა." - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა მუდმივ დიალოგს აწარმოებს ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანასთან პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
მისი თქმით, 2023 წელი უკრაინისთვის იქნება "ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობის წელი."
გვატემალაში ვიზიტის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ალეხანდრო ჯამატეის იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი გადასცა.
გვატემალაში ვიზიტის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა კარიბის ზღვის ქვეყნების ასოციაციის სამიტში, რომელიც აერთიანებს რეგიონის 25 ქვეყანას.