კულებას თქმით, აშშ უკრაინას უფრო შორს მოქმედ ATACMS-ის რაკეტებსაც მიაწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უფრო შორს მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს მიაწვდის და ამას მუდმივად გააკეთებს.
კულებამ დადებითად უპასუხა კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ATACMS-ის პირველი პარტიების მიწოდება, რომ შეერთებული შტატები მათ ქვეყანას მუდმივად და უფრო დიდი რაოდენობით გადასცემს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენს შორის შეთანხმების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ვაშინგტონში სექტემბრის ბოლოს, მათი პირადი შეხვედრის დროს მიაღწიეს.
"თუ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის სტრიქონებს შორის წაიკითხავთ, მისგან გაიგებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული... ამიტომ, ჩვენ მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს შეთანხმებების შესრულებისთვის და ჩვენი საცეცხლე ძალის გაძლიერებისთვის." - თქვა კულებამ.
ის ასევე იმედოვნებს, რომ მომავალში უკრაინა ATACMS-ის რაკეტებს მიიღებს, რომლებსაც 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ სამიზნეების განადგურება.
კონტექსტი
New York Times-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა გადასცა.
სამშაბათს, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა ATACMS-ის რაკეტები გამოიყენეს და ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუჰანსკში აეროდრომები დაბომბეს.
ეს ინფორმაცია მოგვიანებით თეთრმა სახლმაც დაადასტურა. მათ აღნიშნეს, რომ შეერთებულმა შტატებმა "ახლახანს" მიაწოდა უკრაინას ATACMS-ის 165 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი რაკეტები.