კვიპროსში იმ ადამიანების აქტივები გაყინეს, ვინც რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ
კვიპროსმა მკაცრი ზომები მიიღო იმ ფიზიკური პირების და კომპანიების მიმართ, რომლებიც, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თანახმად, რუს ოლიგარქებს დაეხმარნენ გვერდი აეარათ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის. ამის შესახებ კვიპროსის ფინანსთა კომისარმა პავლოს იოანუმ CyBC-ს 22 აპრილს განუცხადა.
საუბარია 13 ფინანსისტზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებს სანქციების გვერდის ავლაში და მათი ფინანსური აქტივების დამალვაში დაეხმარნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის არიან როგორც კვიპროსელები, ასევე კვიპროსის და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები.
ამ კვირის დასაწყისში კვიპროსის მთავრობამ ადგილობრივ ბანკებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვისკენ მოუწოდა. მთავრობის სპიკერმა კონსტანტინოს ლეტიმბიოტისმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ მოითმენს ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევას.
"პრეზიდენტმა მოითხოვა საგზაო რუკის მომზადება ქმედებების ჩამონათვალით, რომელიც უნდა განხორციელდეს", - თქვა მან. "ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სანდოობა, ჩვენ არ შევეგუებით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდებას."
აპრილში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე კვიპროსულ კომპანიას, ასევე კვიპროსის მოქალაქეებსა და მაცხოვრებლებს, რომლებსაც ვაშინგტონი რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს უკავშირებს.
გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, სანქციების სიაში ორი ადვოკატი შეიყვანა: ქრისტედოულოს ვასილიადესი, უსმანოვთან მუშაობისთვის და დემეტრეს იოანიდესი, ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მუშაობისთვის. კვიპროსის ხელისუფლებამ არ გამორიცხა ვასილიადესისა და იოანიდეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა.