კვლევა: ამერიკელების უმრავლესობას რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესება სურს
Associated Press-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები „საკმარისად მკაცრი“ არ არის.
გამოკითხულების 56 პროცენტი ფიქრობს, რომ ბაიდენის მიერ გამოცხადებული სანქციები „სათანადოდ მკაცრი“ არ არის, ხოლო 55 პროცენტი უფრო ეფექტიანი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს - თუნდაც აშშ-ს ეკონომიკის საზიანოდ.
ამასთან, რესპონდენტების 47 პროცენტი ომში ამერიკის შესაძლო „ჩათრევით“ შეშფოთებულია, ხოლო 71 პროცენტი ბირთვული იარაღის გამოყენების გაზრდილ რისკს ხედავს.
ამერიკაში უკრაინელი მიგრანტების მიღებას გამოკითხულთა 67 პროცენტი ემხრობა.
აშშ, დასავლეთის ქვეყნებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა.
ამერიკაში გაყინეს რუსეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, სანქცირებუთა სიაში მოხვდნენ რუსული ბანკები და სახელმწიფო კომპანიები.
ამასთან, აშშ-მ რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგო გამოაცხადა.