კვლევა: რუსების 71% უკრაინასთან ომს მხარს უჭერს

რუსების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის ინტერვენეციას მხარს უჭერს. ამას დამოუკიდებელი რუსი სოციოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარებული ორი გამოკითხვის შედეგები მოწმობს. კვლევის შედეგები Радіо Свобода-მ 17 მარტს გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი მხარს უჭერს უკრაინასთან ომს და განიცდის ისეთ ემოციებს, როგორიცაა სიამაყე, სიხარული, პატივისცემა, ნდობა და იმედი.

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა პასუხები ასაკის მიხედვით განსხვავდებოდა.

35 წელზე უფროსი რუსები უფრო მეტად გამოხატავდნენ სიამაყის, პატივისცემისა და იმედის გრძნობებს, 18 წლამდე ასაკის რესპონდენტები კი უფრო მიდრეკილნი არიან წყენისა და იმედგაცრუებისკენ.

გამოკითხული რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქიდან ორი გამოთქვამს ომთან დაკავშირებით შეშფოთებას. მსგავსი პასუხები ყველაზე ხშირად ახალგაზრდა რუსებს აქვთ. 

საშუალო ასაკის ჯგუფის (25-დან 44 წლამდე) ადამიანები ე.წ. "სამხედრო ოპერაციის" შესახებ უფრო ხშირად შფოთვისა და შიშის გრძნობას აფიქსირებდნენ.

ცნობილია, რომ 55 წელზე უფროსი ადამიანების ნახევარზე მეტი უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს.

კვლევის მიხედვით, რუსებს შორის იზრდება პესიმიზმი მათი პირადი ფინანსური მდგომარეობის მიმართ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი ომის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს და მათი 87% სახელმწიფო სატელევიზიო არხებია.

YouTube-ს გამოკითხულთა 11% იყენებს, Telegram-ს - 7%.  

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 18-დან 24 წლამდე ასაკის რუსები უფრო მეტად გამოხატავდნენ გულგრილობას იმის მიმართ, რაც ხდება უკრაინაში.

რუსი რესპონდენტების მესამედს მტკიცედ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მუშაობს მათი ინტერესების დასაცავად, ხოლო კიდევ 26% ამბობს, რომ ის გარკვეულწილად მათი ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს.

მსგავსი სიახლეები