კვლევა: უკრაინელების 84% რუსეთთან ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია

უკრაინელების 84% ეწინააღმდეგება ტერიტორიულ დათმობებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შეჩერების სანაცვლოდ და მიუღებლად მიიჩნევს ასეთ გადაწყვეტილებას. ამას კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კველვაში ვკითხულობთ, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა.

გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ს მიაჩნია, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად შეიძლება ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა, 6% კი გადაუწყვეტელია.

უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. აღმოსავლეთის მცხოვრებთა შორისაც კი, რომელიც ინტენსიური ბრძოლებით იტანჯება, 77% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია (მხოლოდ 16% არის თანახმა), ხოლო სამხრეთის მცხოვრებთა შორის - 82% დათმობების წინააღმდეგია (მხოლოდ 10% არის თანახმა).

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ მაისიდან ივლისის პერიოდში აღმოსავლეთში, 68%-დან 77%-მდე გაიზარადა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც დათმობაების წინააღმდეგია (სხვა რეგიონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა).

იმ რესპონდენტებს შორის, რომლებიც 24 თებერვლამდე ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გაემგზავრნენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მხოლოდ 17% არის ტერიტორიული დათმობების მომხრე. 82% მიიჩნევს, რომ ტერიტორიული დათმობები არ უნდა იყოს.

უკრაინულენოვან უკრაინელებს შორის 88% დათმობების წინააღმდეგია(მხარდამჭერი - 8%), რუსულენოვან უკრაინელებს შორის 76% წინააღმდეგია (მხარდამჭერი - 14%). უკრაინაში მცხოვრებ რუსებს შორის უმრავლესობა - 68% ეწინააღმდეგება ნებისმიერ დათმობას (19% მხარს უჭერს).

2022 წლის 6-20 ივლისს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები