კვლევა: უკრაინელების 87% რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებს მხარს არ უჭერს

უკრაინელების 87% არ არის მზად რუსეთისა და უკრაინის ომში რაიმე ტერიტორიული დათმობისთვის. ამას შესახებ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (КМИС) კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 7-13 სექტემბერს ჩატარდა, შედეგები კი 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ეს მაჩვენებელი ივლისის კვლევასთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.

"უკრაინელების მხოლოდ 8%-ს სჯერა, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად შეიძლება ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა", - ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც სოციოლოგებმა აღნიშნეს ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია უკრაინის ყველა რეგიონის მოსახლეობა. კერძოდ, აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა შორის, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, 85%-ია წინააღმდეგი, სამხრეთში - 83%.

"მაისიდან ივლისის პერიოდში აღმოსავლეთში 68%-დან 77%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ნებისმიერი დათმობის წინააღმდეგია და სექტემბერში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო, 85%-მდე გაიზარდა. ახლა რეალურად სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლების შეხედულებებში სხვაობა არ არის", - წერს КМИС.

კვლევა სატელეფონო ინტერვიუებით (კომპიუტერის დახმარებით სატელეფონო ინტერვიუები, CATI) ჩატარდა. სოციოლოგებმა 18 წლის და უფროს 2000 რესპონდენტი გამოკითხეს.

ყველა რესპონდენტი უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც გამოკითხვის დროს ცხოვრობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა 24 თებერვლამდე. 24 თებერვლის შემდეგ საზღვარგარეთ წასულ მოქალაქეებთან გამოკითხვა არ ჩატარებულა.

კვლევის ცდომილების ზღვარი 2.4%-ს არ აღემატება.

მსგავსი სიახლეები