კვლევა: ზელენსკის საქმიანობას უკრაინელების 88% დადებითად აფასებს

უკრაინის მოქალაქეები პოლიტკოსებს შორის ყველაზე დადებითად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს საქმიანობას აფასებენ. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მონაწილეობით ჩატარდა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 88%-ს მოსწონს ზელენსკი, 65%-ს არესტოვიჩი და 63%-ს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, მეოთხე ადგილზე კი 62%-ით მოხალისე და შოუმენი სერგეი პრიტულაა.

უკრაინის მოქალაქეები ყველაზე უარყოფითად იური ბოიკოს, პეტრო პოროშენკოს და იულია ტიმოშენკოს მიმართ არიან განწყობილი. პრო-რუსი პოლიტკოსის, იური ბოიკოს საქმიანობას ნეგატიურად 71% აფასებს, ამდენივე ადამიანს არ მოსწონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, იულია ტიმოშენკოს კი ნეგატიურად 69% აფასებს.

პოლიტიკურ ძალებს შორის უკრაინელები ყველაზე მეტად ზელენსკის პარტიას, "ხალხის მსახურს" ენდობიან - 46%. მეორე ადგილზეა სერგეი პრიტულას პოლიტიკური ძალა 32%-იანი ნდობით, მესამეზე კი ვიტალი კლიჩკოს პარტია УДАР - 31%-იანი მხარდაჭერით.

უკრაინის მოქალაქეების 65% ნეგატიურად არის განწყობილი ვიქტორ მედვედჩუკის პრო-რუსული პარტიის - "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" მიმართ.

გამოკითხვა სატელეფონო გასაუბრების გზით 2022 წლის 2 მაისიდან 11 მაისამდე ჩატარდა. საველე სამუშაოები კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა. სულ 2.5 ათასი ადამიანი გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები