ლანდსბერგისი: რუსეთის ელჩების ევროპის დედაქალაქებში დარჩენის აზრს ვერ ვხედავ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპის ქვეყნებში რუსეთის ელჩების ყოფნას უაზროდ მიიჩნევს. ამის შესახებ მან რიგაში, 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლანდსბერგისმა აღნიშნა, "ევროპის რომელიმე დედაქალაქში რუსეთის ელჩის ყოფნას არავითარი სარგებელი არ მოაქვს". მისი თქმით, რუსეთის საელჩოები არა დიპლომატიური მისიები, არამედ პროპაგანდისტული ინსტიტუტებია, რომლებიც მალავენ ომის დანაშაულებებს და ზოგადად ხელს უწყობენ გენოციდის პროგრამას.
ლიეტუვამ გასული წლის მარტში რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა და რუსების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ, რუსეთის ელჩი გააძევა.
ლანდსბერგისი თვლის, რომ "როცა მეტი ქვეყანა დაინახავს რა ხდება უკრაინაში, შეიძლება დარწმუნდეს, რომ ეს სწორი გზაა."
ესტონეთმა და ლატვიამ 2023 წლის იანვარში გამოაცხადეს რუსი ელჩების გაძევების შესახებ.