ლატვია სავალდებულო სამხედრო სამსახურს უბრუნდება

ლატვია, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას განაახლებს. ლატვიის სეიმმა 5 აპრილს, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი სახელმწიფო თავდაცვის სამსახურის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაწვევა 1 ივლისიდან განახლდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

წლის ბოლომდე სამხედრო სამსახურში გაწვევა ნებაყოფლობითი იქნება, 2024 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო. ჯარში სამსახურის ვალდებულება 18-დან 27 წლამდე ლატვიის მოქალაქე ყველა მამაკაცს ექნება. სტუდენტებისთვის არსებობს გარკვეული გამონაკლისები.

სახელმწიფო თავდაცვის სამსახური დაიყოფა ორ ტიპად: უშუალოდ სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის სამსახური (ალტერნატიული სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაწესებულებებში). სამსაურის ვადა 11 თვე იქნება.

გარდა ამისა, ლატვიის 18-27 წლის მოქალაქეებს, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, შეუძლიათ ნებაყოფლობით იმსახურონ ჯარში.

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი 300 მოხალისე სამხედრო სამსახურს ზაფხულში დაიწყებს. ამდენივე ადამიანის გაწვევა იგეგმება 2024 წლის იანვარში. გეგმის მიხედვით, 2028 წლიდან სამხედრო სამსახურში 7500-მდე ადამიანი იქნება.

ლატვიაში სავალდებულო გაწვევა 2007 წელს გაუქმდა. მას შემდეგ ქვეყანას მხოლოდ პროფესიული ჯარი ჰყავს.

ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება შეიცვალა.

"უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მორალურად სტაბილური და მომზადებული საზოგადოების გარეშე, შეუძლებელია აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევა", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ.

მსგავსი სიახლეები