ლავროვი: ომით მსოფლიოს დასავლეთის ნეოკოლონიალური წნეხისგან ვათავისუფლებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ომი უკრანაში დასავლურ ნეოკოლონიალიზმთან ბრძოლის ფორმაა.

ამ და სხვა საკითხებზე МИД-ის ხელმძღვანელმა ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან სინხუასთან ინტერვიუში ისაუბრა

ლავროვმა უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ოპერაციის მსვლელობის გარდა უფრო გლობალურ თემებზე ისაუბრა - ლავროვის თქმით, დასავლეთის "გაუთავებელი მცდელობები თავისი პრობლემები სხვის ხარჯზე გადაწყვიტოს კრახისთვისაა განწირული". 

ლავროვის თქმით, მსოფლიო აღარ არის ისეთი როგორც 30 წლის წინ - "დღევანდელ მსოფლიოში გადაწყვეტილების მიმღები რამდენიმე ცენტრი არსებობს - მსოფლიო მრავალპოლუსიანია. ჩვენ ვხედავთ რა დინამიურად ვითარდებიან აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. ყველას უჩნდება არჩევანის თავისუფლება, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც". 

ლავროვმა სინხუასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს შეწყვიტონ უკრაინის შეიარაღება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთს სულაც არ ადარდებს უკრაინელი ხალხის დახმარება და მათი ინტერესია რუსეთს "უკანასკნელ უკრაინელამდე ეომონ". 

"ჩვენს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოს დასავლური ნეოკოლონიალური წნეხისგან გათავისუფლების პროცესში",- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო დღეებში ბირთვული ომის შესაძლო რიტორიკაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ რუსეთი სიტყვებით არ თამაშობს და მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ ესწრაფვის. 

 

მსგავსი სიახლეები