ლე პენის პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა გახდა

ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ახალი თავმჯდომარე 27 წლის ჯორდან ბარდელა იქნება, რომელიც ამ პოზიციაზე მარინ ლე პენს ჩაანაცვლებს.

პარტიის ნაცვლად ლე პენი უფრო მეტ ფოკუსს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქმიანობაზე გააკეთებს.

2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მის პარტიამ რეკორდული რაოდენობის 89 მანდატი მოიპოვა.

პარტიის არსებოობის 50 წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი თავმჯდომარე გვარად ლე პენი არ არის.

ანალიტიკოსების აზრით, ეს სიმბოლური ცვლილებაა და რეალურად პარტიაში ყველაზე გავლენიან ადამიანად მარინ ლე პენი დარჩება. ასევე, სავარაუდოდ, ისევ ის იქნება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი 2027 წლის არჩევნებზე.

"მე არ ვტოვებ "ეროვნულ გაერთიანებას", რათა დასასვენებლად წავიდე. მე იქ ვიქნები, სადაც ქვეყანას დავჭირდები," - თქვა ლე პენმა პარტიის ყრილობაზე.

პარტიის ახალი თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა პარიზის ერთ-ერთი გარეუბნიდან, იტალიური წარმოშობის ოჯახიდანაა. ის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ გაერთიანობას თინეიჯერობისას შეუერთდა.

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ის "ეროვნული გაერთიანების" კამპანიას ხელმძღვანელობდა და მისი წევრიც გახდა.

ის მარინ ლე პენისადმი უკიდურესი ერთგულებით გამოირჩევა, თუმცა მისთვის ახალი თანამდებობის მიცემით პარტია ცდილობს ძველი და დემონიზებული სახეები გადამალოს და ახალი, უფრო ზომიერი ლიდერებით სცადოს ამომრჩევლების გულის მოგება.

მსგავსი სიახლეები