Leopard-ების დილემა - გაიღებს თუ არა გერმანია ტანკებს მზარდი წნეხის ფონზე
საფრანგეთი და პოლონეთი დიპლომატიური არხებით მოუწოდებენ გერმანიას უკრაინას Leopard-ის ტანკები გადასცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში ფრანგი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საფრანგეთის მთავრობა ფრანკო-გერმანულ სამიტამდე ცდილობს დაითანხმოს კანცლერი შოლკი უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე. სამიტი ელისეს შეთანხმების 60 წლის იუბილეს ეძღვნება და 22 იანვარს გაიმართება.
იმავე წნეხის ქვეშ არის გერამანია პოლონელი პარტიორებისგან - გასულ კვირას პრემიერმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ფართო კოალიციის ფორმირებაზე მუშაობს, რომელიც უკრაინას დასავლური წარმოების მძიმე ტანკებს მიაწვდის.
გერმანიაზე წნეხი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას გაირვკა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10-RC-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცეს, რითიც გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც უკრაინას დასავლური წარმოების ტანკს მიაწვდის.
სწორედ ამ ფონზე ცნობილი გახდა გერმანიისა და აშშ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებაც, რომლის ფარგლებშიც აშშ უკრაინას Bradley-ს ტიპის მოერიშე ჯავშანტრანსპორტიორს, ხოლო გერმანია Marder-ის ტიპის დანადგარს გადასცემს. ამავე პაკეტის უკრაინა გერმანიისგან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ ბატარეას მიიღებს.
"უკრაინელებს მართლაც სჭირდებათ Leopard-ები, ამ ტიპის ტანკების გადაცემა უფრო გონივრულიც იქნება, რადგანაც მისი საკმარისი მარაგი არსებობს",- ამბობს Politico-სთან საუბარში ფრანგი დიპლომატი.
გუშინ, 9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების ტანკების გადაცემას განიხილავს გაერთიანებული სამეფო, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Challenger 2-ის ტიპის ტანკები მსოფლიოში მხოლოდ 2 არმიის განკარგულებაშია - დიდი ბრიტანეთისა და ომანის.
მაშინ როდესაც Leopard-ის ტანკების მარაგი ევროპის 13 ქვეყნის არმიას აქვს - რაც თავის მხრივ გაადვილებს მათ ტექნიკურ და აღჭურვილობით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტების შეფასებით Leopard-ის ტიპის ტანკებით ოპერირება უკრაინული არმიის გაცილებით უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება, ამერიკული და ბრიტანული ტანკებისგან განსხვავებით, რომლებსაც კომპლექსური ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდებათ.
გერმანიის თავდაცვის ხაზი
უკრაინა გერმანიას ამ ტიპის ტანკების გადაცემას პრაქტიკულად ომის დაწყების დღიდან მოყოლებული სთხოვს - ომის პირველ ფაზაში, როდესაც გერმანია ჯერ კიდევ ფეხს ითრევდა უკრაინის შეიარაღების გადაცემის საკითხზე, რთული წარმოსადგენი იყო, რომ გერმანიის დახმარების მასშტაბი მოერიშე ჯავშანტრანსპორტიორამდე გაიზრდებოდა.
Politico-ს წყაროს ინფორმაციით, სწორედ კიდევ ერთი ტაბუს დარღვევის სურვილით იყო ნაკარნახევი მაკრონის მოულოდნელი გადაწყვეტილება უკრაინისთვის მსუბუქი ტანკები მიწოდების შესახებ.
გერმანული ოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდნენ და საკითხთან დაკავშირებით ქვეყნები ახლო კოორდინაციაში იყვნენ, თუმცა ამაზე ცოტა რამ მიუთითებს.
იმას, რომ გერმანიისთვის საფრანგეთის გადაწყვეტილება მოულოდნელი ადასტურებს გამოცემის წყაროც. გარდა ამისა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი საჯაროდ აცხადებდა, რომ გერმანიას Marder-ების თავისუფალი მარაგი არ აქვს. ამ განცხადების მიუხედავად და ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში გერმანია უკრაინას 40 Marder-ის გადაცემას დაპირდა.
უკრაინის Leopard-ების გადაცემას შოლცისგან ოპოზიციაში მყოფ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მისი სამთავრობო კოალიციის წევრებიც მოითხოვენ.
მზარდი შიდა და საერთაშორისო წნეხის მიუხედავად კანცლერი შოლცი ამ დრომდე აცხადებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია უნილატერულ რეჟიმში არ მიიღებს და პარტნიორებთან ერთად იმოქმედებს. Leopard-ები მიუნხენში დაფუნძებული სამხედრო კომპანია Krauss-Maffei-ის მიერ წარმოებული ტანკია, აქედან გამომდინარე ნებისმიერ ქვეყანაში ტანკების უკრაინაში რეექსპორტისთვის გერმანიის ნებართვა დაჭირდება.
სამხედრო ექსპერტების აზრით, Leopard-ები უკრაინას წარმატებული კონტიერიშის წამოწყებასა და მოსალოდნელი ახალი იერიშისგან თავდაცვაში დაეხმარებოდა.
დასავლური წარმოების ტანკების საჭიროებაზე ისაუბრა The Economist-თან ინტერვიუში უკრიანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმაც - მისი თქმით, 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებზე ასასვლელად უკრაინას 300-მდე ტანკი, 600-700-მდე ქვეითების ჯავშანტრანსპორტიორი, 500-მდე ჰაუბიცა დაჭირდება.
თავის მხრივ ცნობილია ისიც, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგას Lecrerc-ის ტიპის გადაცემაც სთხოვა - Politico-ს წყაროს ცნობით, საფრანგეთში ამ საკითხს სწავლობენ, თუმცა მიუთითებენ, რომ ამ ტიპის ტანკების წარმოება საფრანგეთმა უკვე შეწყვიტა, რაც მისი მომსახურებს გაართულებს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი მზად არის Lecrerc-ის ტიპის ტანკები ჩანაცვლების პრინციპით იმ მოკავშირეებს გადასცეს, რომლებიც თავის მხრივ უკრაინას გადასცემენ Leopard-ებს.
20 იანვარს უკრაინის თავდაცვის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც რამშტაინის ფორმატის სახელით არის ცნობილი, მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ დღეს გაჟღერდება გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით.