ლიეტუვა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს აგზავნის
ლიეტუვა უკრაინაში ანტისაჰაერო სტინგერის რაკეტებთან ერთად სამხედრო ინსტრუქტორებსაც აგზავნის, რომლებმაც უკრაინელ კოლეგებს ახალი აღჭურვილობის გამოყენება უნდა ასწავლონ.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ გასულ დღეებში რუსეთის თავდასხმის მომატებული საფრთხის გამო უკრაინიდან სამხედრო ინსტრუქტორები გაიყვანა დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ.
ლიეტუვის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ლიეტუველი ინსტრუქტორები უკრაინაში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაჩერდებიან.
"ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით, ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ უკრაინას. შეიარაღება და ტექნიკა არაფერია, მისი გამოყენების ცოდნის გარეშე, ამიტომაც ჩვენ გავუზიარებთ ამ ცოდნას ჩვენს უკრაინელ კოლეგებს."- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიეტუველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ დასავლურ მისიაშიც, რომლის მთავარი მიზანი უკრაინული არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაა.